საბავშვო ბაღის პრობლემა - Basti Bubu

საბავშვო ბაღის პრობლემა

PostHeaderIcon ნინოს შეკითხვა

მყავს ორი შვილი – 1 წლის გოგო და 3 წლის ბიჭი. ბიჭი სექტემბერში მივიყვანე კერძო ბაღში. მანამდე უნდოდა ბაღში სიარული(კორპუსთან ახლოს არის ბაღი). ახლა კი ძალიან ტირის. ღამე ძილში წუწუნებს არ მინდა ბაღშიო. დილით რომ იღვიძებს, მაშინათვე მეკითხება წავიყვან თუ არა და დადებითი პასუხისას იწყებს ტირილს და ასე გაუთავებლად ტირის. ბავშვსაც და მეც გაგვესაუბრა ფსიქოლოგი და მასწავლებელი დაარიგა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო. მას მერე ბავშვი აღარ შედის ოთახში სადაც ბავშვები არიან. ძიძა ცალკე აჭმევს საჭმელს და ამის გამო მალე მომყავს უკან. არ ვიცი რა ვქნა. მეშინია, ფსიქოლოგიური ტრამვის. სახლშიც მეცოდება. აღარ უნდა მულტფილმების ყურება, თამაშიც მალე სწყინდება და მარტო წიგნის კითხვას ითხოვს. არ მინდა დიდი ხნით წავუკითხო, რომ ესეც არ მობეზრდეს. გთხოვთ მირჩიოთ რამე. წინასწარ გიხდით მადლობას.

ბავშვი არ უნდა იმყოფებოდეს ასეთი სტრესის ქვეშ, რადგან ეს აუცილებლად უარყოფითად იმოქმედებს მის ემოციურ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებაზე. შესაძლებელია, დაზეც ეჭვიანობს და ამის გამო თქვენთან დაშორება უფრო უჭირს. სასურველია, დააბრუნოთ სახლში, საიდანაც გასასვლელად  იგი ალბათ  ჯერ მზად არ არის და ბაღისთვის მოამზადოთ მომავალი წლისთვის, როცა 4 – ის გახდება. ამაში არაფერია საგანგაშო. მთავარი ის კი არ არის, თქვენმა შვილმა იაროს ბაღში, როგორც ყველა ,,ნორმალურმა” ბავშვმა, არამედ გაითვალისწინოთ მისი ინდივიდუალურობა და შესაბამისად იმოქმედოთ, ანუ შეუქმნათ პირობები ოპტიმალური განვითარებისთვის.

თუ მომავალ წლამდე ბაღში არ ივლის, იგი  თანდათანობით უნდა შეაჩვიოთ გარე სამყაროს, უცხო ადამიანებს – ატარეთ სტუმრად, ეზოში, პარკებში სადაც სხვა ბავშვებიც იქნებიან. ხელი შეუწყეთ,  იყოს უფრო დამოუკიდებელი.  შემდგომში, როცა ბაღში მივა,   უფრო კომფორტულად იგრძნობს თვს,  თუ გარკვეული უნარ – ჩვევები ექნება  განვითრებული. კერძოდ, დამოუკიდებლად ჭამის, ჩაცმისა და ტუალეტის.

თუ თქვენთვის აუცილებლობას წარმოადგენს მისი ბაღში ტარება, მაშინ უნდა დაეხმაროთ ადაპტაციაში. გარკვეული პერიოდი მასთან ერთად იარეთ, ნუ დატოვებთ. ერთად დაუმეგობრდით მისი ჯგუფის ბავშვებს. ნუ დააჩქარებთ, აუცილებად დაელოდეთ, სანამ იგი თავად არ მოისურვებს დარჩენას.

რაც შეეხება წიგნის კითხვას, წაუკითხეთ რამდენ ხანსაც გთხოვთ. მულტფილმებსა და თამაშს ადვილი შესაძლებელია, დაუბრუნდეს ისევ, უბრალოდ მას ახლა სხვა ინტერესი აქვს, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა და არ წარმოადგენს პრობლემას.

Top Footer