არასრული ოჯახი - Basti Bubu

არასრული ოჯახი

PostHeaderIcon ირინას შეკითხვა

გამარჯობათ. მყავს 1 წლის ანანო. 7 თვის წინ გავცილდი ქმარს. მამა ბავშვს იშვიათად ნახულობს.  ანანო განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავს მამაკაცების მიმართ(უცხო კაცებთან მიდის და რამეთი თუ არ გავართე, ჩემთან აღარ ბრუნდება). ამით იმის თქმა მინდა,  რომ უკვე გრძნობს მამის დეფიციტს,  მიუხედავად იმისა,  რომ ბაბუასთან და ბიძასთან იზრდება. რითი შევუვსო ეს დეფიციტი,  შემდეგ რომ კომპლექსად არ ჩამოუყალიბდეს?

მთავარია, ბავშვს თქვენთან სიახლოვის დეფიციტი არ ჰქონდეს. გასაგებია, რომ მამა ენატრება, მაგრამ მის ასაკში ჯერ კიდევ დედას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. დედისგან უნდა მიიღოს ბავშვმა უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდა, რაც ემოციური განვითრებისთვის უპირველესი და უმნიშვნელოვანესია. ამდენად მთავრია, თქვენს შვილს თქვენი სითბო და სიახლოვე არ მოაკლდეს. ხშირად როცა ოჯახში პრობლემებია, განსაკუთრებით კი გაყრისას დედები საკუთარ უარყოფით განცდებში ეფლობიან, ისინი ძალაუნებურად ემოციურად დისტანცირდებინ ბავშვისგან, ,,ტოვებენ’’ მას  და ამდენად ბავშვი განიცდის არა მარტო მამის სიყვარულისა და სიახლოვის დეფიციტს,  მას დედასთან მიმართებაშიც უჩნდება მსგავსი ემოციები.

კარგია ბაბუასა და ბიძის არსებობა და სიახლოვე ბავშვისთვის, თუ, რა თქმა უნდა, ურთიერთობა სიყვარულითაა გაჯერებული. გარკვეულწილად აუცილებლად შეუვსებს ეს თქვენს შვილს მამის დეფიციტს.

გასაგებია, რომ მამა იშვიათად ნახულობს ბავშვს, მაგრამ იქნებ შეეცადოთ, მათი შეხვედრები იყოს სტაბილური დროში(ერთი და იმავე დროის ინტერვალის გამოშვებით შეხვდნენ).

Top Footer