ზღვარი

‘ზღვარი’

PostHeaderIcon ზღვარი (დატოვე კომენტარი)

————————————————————————————————————————————————

შარშან  ჯგუფში  მყავდა  4 წლის ლიზა – ლამაზი, კარგი მანერებით.

იყო ძალიან კონტაქტური, აქტიური და მოდურიც კი, თუ შეიძლება,

ამ ასაკში ვინმე იყოს მოდური, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, იგი იყო.

მოკლედ,  ლიზა   ჰგავდა ზოგიერთ დიდებს,  ვარსკვლავებს რომ

ეძახიან, სულ რომ არ სჭირდებათ ბევრი ფიქრი,  ისე უბრალოდ, რომ

გიზიდავენ და  მზად თუ არ აღმოჩნდი, მთლიანად რომ გშთანთქავენ.

ერთხელაც,  ცოტა მოგვიანებით,  4 წლის მათე შემოგვიერთდა-დიდი,

ჭკვიანური, მაგრამ სევდიანი  თვალები ჰქონდა, ჩუმი და

მორცხვი იყო. კი გავიფიქრე,  ამ ბავშვს როგორმე მეტად მივაქციო

ყურადღება, არ დაიჩაგროს მეთქი და დავიწყე  მოქმედება – ვცდილობდი

შემექო, წარმომეჩინა . . .  მაგრამ ცოტა ხანში დავინახე  ზღვარი  ჩემს

საქმესა და ცხოვრების კანონზომიერებას შორის და აქ გავჩერდი.

აბა, ლიზას სხივებს მე რას  მოუხერხებდი, ასეთები იმიტომ არსებობენ,

რომ  ანათონ და მათეც მალე იქცა პიეროდ.

ლიზა უკვე ალაპარაკდა ისე, როგორც  ველოდი – სადაც მე ვდგავარ იქ რატომ

მოდის ეს მათე, გაიწიოს, ნერვებს მიშლის – მათეს სწყინდა, მაგრამ მეორე

წუთს  ლიზა მას თუ რამეს სთხოვდა, იგი მზად იყო ყველაფრისთვის.  თავი

ვინუგეშე, ვიფიქრე, ასე ხდებოდა მუდამ და მოხდება  მეთქი.

წელს აღარ ვმუშაობ მათთან, მოვრჩი ჩემს საქმეს (ოღონდ მხოლოდ ჩემსას).

ლიზა შემომივლის ხოლმე, მეგობრებთან   ერთად, მომინახულებს.

მეგობრები კარებთან ელოდებიან, ის ხომ პოპულარული გოგოა.

მათეს დერეფანში ვხვდები, ძირითადად მარტოა. როგორც ჩანს,  სევდა ისევ

მასთანაა. დაახლოებით ვიცი მათეს გზა . . . არ არის ადვილი, მაგრამ იგი

ბევრს დააგროვებს(შინაგანს, სულიერს) და შექმნის რამე  ფასეულს.

————————————————————————————————————————————————

Share

Top Footer