PostHeaderIcon ლალის შეკითხვა

გამარჯობათ. მყავს 10 წლის ვაჟი. ბავშვი ძალიან მგრძნობიარეა. მამა, ჩემი მეუღლე, ძალინ მკაცრად ექცევა. სანდროს ეშინია მისი. ამდენი წელია ვერაფერი გავაწყვე. ჩემი ქმარი მეუბნება, რომ ბავშვი მე და ჩემიანებს გვგავს და რომ ეს არ მოსწონს. იგი ხშირად ამბობს, რომ შვილი მტრად უნდა გაზარდო, რომ მოყვარედ გამოგადგეს. დაყავს ფეხბურთზე უკვე მეორე წელია, სანდროს არ მოსწონს ფეხბურთი, შიშით არაფერს ამბობს, მაგრამ მე ვგრძნობ, თან მალე იღლება, იქიდან ენერგიისგან აბსოლუტურად დაცლილი მოდის და არაფრის თვი არ აქვს ხოლმე. ბავშვს კარგი სმენა აქვს, მაგრამ მამამისს გაგონებაც არ უნდა. რა შედეგს გამოიღებს ასეთი დამოკიდებულება?

ასეთი დონის ავტორიტარიზმს,  როცა შვილს  მხოლოდ ის ფუნქცია აქვს, მამას ასიამოვნოს, ყველგან და ყველაფერში ,,დამჯერე”  იყოს, აუცილებლად მოყვება  ბავშვის ნების, ინდივიდუალობისა და  დამოუკიდებლობის დათრგუნვა და რაც მთავარია, მამის იმედის გაწბილების შიშით,  დანაშულის გრძნობის გაღვივება.  როცა  მამა მესაკუთრული განწყობის მატარებელია და მისგან განსხვავებულ ვაჟს მიიჩნევს არასრულფასოვნად, ბავშვიც შესაბამისად არასრულფასოვნად, უღირსად მიიჩნევს ხოლმე თავს. ზოგ შემთხვევაში შვილები ასეთ დროს ცდილობენ იყვნენ  ისეთნი, როგორიც ,,საჭიროა”  და ამით  თავად აფერხებენ საკუთარ განვითარებას, ვერ ხდებიან სრულფასოვანი ადამიანები. იშვიათად შვილები ბრძოლაში ებმევიან ,,ავტორიტეტ მამასთან”,  რომ მოიპოვონ თავისთავადობა, მაგრამ ასეთი ბრძოლები ბევრისთვის წარუმატებელია და ცოტანი იმარჯვებენ.

როგორმე თქვენმა მეუღლემ  უნდა გაითავისოს, რომ შვილი  არ არის  მისი მეს ნაწილი, რომ იგი დამოუკიდებელი პიროვნებაა და აქვს უფლება იყოს ისეთი როგორიც არის  და კარგი მამობა,  უპირველეს ყოვლისა,  მისი ასეთად მიღებასა და განვითარებაში დახმარებას  ნიშნავს.


Top Footer