PostHeaderIcon 14 წლის ანას შეკითხვა

უკმაყოფილება!  ვარ 14 წლის. თავიდან ჩვეულებრივი ვიყავი, არაფერი განსაკუთრებული. მეგობრებიც არ მყოლია, არ მინდოდა. მერე ნელ–ნელა უკვე დავმეგობრდი ხალხთან. ახლა ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. თითქმის ყველაფრით ვინტერესდები, ყველაზე და ყველაფერზე ვფიქრობ. უკვე გონება გადამეტვირთა. ამას დავამატოთ ისიც, რომ ბევრისგან განსხვავებული შეხედულებები მაქვს რაღაც საკითხებისადმი და ზოგჯერ, ჩემი აზრი საზოგადოებისთვის მიუღებელია, ამის გამო ამბობენ, რომ ვცდილობ, ვიყო ორიგინალური, რომ თითქოს მინდა ხალხი გავაკვირვო. არანორმალურია რა! მე კიდევ ის მაღიზიანებს, რომ ბევრი საკუთარ აზრს იმის გამო არ აფიქსირებს, რომ არ გააკრიტიკონ. მე ასეთი არ ვარ და ვხდები ხალხის კრიტიკის ობიექტი.
ეს არაა მხოლოდ ჩემი პრობლემა. პირდაპირ ვიტყვი – ძალიან ბევრი თინეიჯერის საოცნებო ცხოვრება მაქვს – მყავს ბევრი მეგობარი, მყავს კარგი ოჯახი, ბევრი ძმაკაცი, რომლებიც ჩემს თავს არავის აჩაგვრინებენ და ა.შ. მე კი მაინც უკმაყოფილებას ვგრძნობ. მინდა მეტი მქონდეს, ვიდრე მაქ.
ხანდახან კი მსურს ამ ყველაფერს გავექცე და რუსთაველზე მიგდებული ბომჟი ვიყო. ასე მჭირს გაორებასავით. ხან ვარდისფერის მოყვარული საყვარელი გოგონა ვარ, ხან კი ვარ ადამიანი, რომელიც ყველას დასცინის. ასეთიც ვარ და ისეთიც. ხან კი ვარ ის, რასაც სიტუაცია მოითხოვს. მგონია, რომ საკუთრ თავს ვკარგავ. ვერ გამიგია?

ანა, სათაურიანი შეკითხვა აქამდე არ მომსვლია :)
საინტერესო პიროვნება ჩანხარ.
ვფიქრობ, რომ ძიების პროცესში ხარ, რაც ამ ასაკისთვის დამახასიათებელია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს შენი ხასიათის შტრიხიცაა, ეტყობა ბუნებით მაძიებელი ხარ. ეს კარგია. შენ მოქმედებ, რაც განვითარებას მოგიტანს, თუმცა ასეთი პროცესები უმტკივნეულოდ არ მიმდინარეობენ. მეტი წინააღმდეგობა იმას ხვდება, ვინც მოძრაობაშია. კარგია პროტესტისა და განსხვავებული აზრის გამოხატვა რომ გჩვევია. შენს ასაკში ასეთი მუხტი უნდა არსებობდეს. მერე რა, რომ ეს ბევრს არ მოსწონს და აღიზიანებს. სანაცვლოდ სიცარიელე, მოწყენილობა, რაც უმოქმედობას მოაქვს, არასდროს დაგემუქრება.
განწყობის ცვალებადობა, რასაც გაორებას ეძახი, ნუ, შენი სიტყვებით რომ ვთქვათ ,,ასეთიც, რომ ხარ და ისეთიც” (მომეწონა ეს გამოთქმა :) )დამახასიათებელია შენი ტიპის ადამიანებისთვის. აბა შინაგანი წინააღმდეგობები რომ არ გქონდეს და სრული წესრიგი იყოს შენში, აღარც იფიქრებდი ამდენს და ასეთი ბრძოლის ჟინიც არ გექნებოდა.
სიტუაციაზე მეტისმეტი დამოკიდებულება კი, ხასიათის ნიშანთან ერთდ, ასაკის ბრალიცაა. ჯერ, 14 წლის ხარ და ვერ გექნება საკუთარი თვი ნაპოვნი, როგორც ამბობენ ხოლმე,
უბრალოდ ერთ გზას გიჩვენებ – მეტი იკითხე, ისწავლე, ალბათ მიხვდები როგორ სწავლას ვგულისხმობ, ისეთს, რომელიც გცვლის, გავსებს ადამინს. მოკლედ, დააგროვე ბევრი ამ მხრივ, რაც აუცილებლად გაგაძლიერებს. ამ გზას თუ გაყვები,  მრავალ კითხვაზე იპოვი პასუხს და უფრო დამშვიდდები. ეს შენი უკმაყოფილება კი თანდათანობით კმაყოფილებაში გადაიზრდება(იქნება და მერე კმაყოფილებაზე მოგინდეს წერა :) ).  ადამიანებშიც მეტ დადებითსა და საინტერესოს აღმოაჩენ და ურთიერთობებიც უფრო დალაგდება.


Top Footer