PostHeaderIcon ნინას შეკითხვა

როგორ უნდა მოვექცეთ აგრესიულ  ბავშვებს?

ბავშვის აგრესიულობას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მიზეზი:

1) ზედმეტი აკრძალვები, როცა ბავშვს არა აქვს დადებითი თუ უარყოფითი ემოციების  ღიად გამოხატვის  საშუალება;

2) მუდმივ დაძაბულობაში ცხოვრება;

3) ენერგიის მოზღვავება;

4) მშობლების მხრიდან ბავშვის მიუღებლობა (მაგალითად, როცა მშობლები არ არიან მზად შვილისთვის და გარკვეულ გარემოებათა გამო,  მაინც აჩენენ… ასეთი ბავშვები  ნებისმიერი გზით ცდილობენ დაამტკიცონ, რომ აქვთ არსებობის უფლება და, როგორც წესი, ამას აკეთებენ აგრესიულად);

5) მეტისმეტი კონტროლი, მშობლების ავტორიტარიზმი, რაც ახშობს თავისუფალ ნებას. ასეთ ატმოსფეროში ბავშვს უჩნდება პროტესტი და იგი ხშირად თავდაცვის მიზნით იწყებს თავდასხმას;

6) უსაფრთხოებაში  დაურწმუნებლობა, რის გამოც იგი არ ენდობა სამყაროს და მაშინაც იცავს თვს, როცა არ დგას რეალური საფრთხე.

აგრესია არ უნდა განვიხილოთ, როგორც მხოლოდ დესტრუქციული ქცევა. აგრესია ასევე არის ძალა, ენერგიის წყარო და ამიტომაც,  დაუშვებელია მისი ჩახშობა, რადგან ამით შესაძლებელია ჯანმრთელობას მიადგეს ზიანი. საჭიროა აგრესიის მართვა.  ბავშვს უნდა ასწავლოთ აკონტროლოს ემოციები, გამოხატოს თვისი მტრული განცდა სოციალურად მისაღები ხერხებით: სიტყვით (უნდა შეუქმნათ პირობები ილაპარაკოს საკუთარ განწყობაზე), ნახატში,  სათამაშოების დახმარებით.   როცა მისი აგრესიული ქცევა ზიანის მომტანია გარშემომყოფთათვის, შეაჩერეთ და უთხარით, რომ ნებას არ მისცემთ ასე მოიქცეს, მტკიცედ  განახორციელეთ ფიზიკური კონტროლი,  მაგრამ ეს უნდა  ხდებოდეს აუცილებლად სიყვარულით და თანაგრძნობით და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეჩხუბოთ და არ უნდა მოსთხოვოთ უპირობო მორჩილება.  მან უნდა იგრძნოს, რომ თქვენ აკონტროლებთ სიტუაციას, მაგრამ ამავე დროს გესმით მისიც. ბავშვი აუცილებლად უკეთესად იგრძნობს თავს.  მას ეცოდინება, რომ მომავალში თქვენ მის მხარეს იქნებით და რომ დაეხმარებით თვითკონტროლში.  ასევე, შეგიძლიათ აჩვენოთ აგრესიული ქცევის არაეფექტური შედეგი, მაგალითდ, თუ სათამაშოს წაართმევს ვინმეს, აუხსენით, რომ ასეთი ქცევის გამო,  მასთან არავის მოუნდება თამაში.  აგრესიას შეიძლება დაუპირისპირდეთ ზღაპრებით, მოიფიქრეთ ისეთი სიუჟეტი სადაც ბავშვი მთავარი გმირი იქნება და შეუქმენით სიტუაციები სადაც ღირსეულად მოიქცევა.


Top Footer