ზოგადი საუბარი - Basti Bubu

ზოგადი საუბარი

PostHeaderIcon 14 წლის ანას შეკითხვა

უკმაყოფილება!  ვარ 14 წლის. თავიდან ჩვეულებრივი ვიყავი, არაფერი განსაკუთრებული. მეგობრებიც არ მყოლია, არ მინდოდა. მერე ნელ–ნელა უკვე დავმეგობრდი ხალხთან. ახლა ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. თითქმის ყველაფრით ვინტერესდები, ყველაზე და ყველაფერზე ვფიქრობ. უკვე გონება გადამეტვირთა. ამას დავამატოთ ისიც, რომ ბევრისგან განსხვავებული შეხედულებები მაქვს რაღაც საკითხებისადმი და ზოგჯერ, ჩემი აზრი საზოგადოებისთვის მიუღებელია, ამის გამო ამბობენ, რომ ვცდილობ, ვიყო ორიგინალური, რომ თითქოს მინდა ხალხი გავაკვირვო. არანორმალურია რა! მე კიდევ ის მაღიზიანებს, რომ ბევრი საკუთარ აზრს იმის გამო არ აფიქსირებს, რომ არ გააკრიტიკონ. მე ასეთი არ ვარ და ვხდები ხალხის კრიტიკის ობიექტი.
ეს არაა მხოლოდ ჩემი პრობლემა. პირდაპირ ვიტყვი – ძალიან ბევრი თინეიჯერის საოცნებო ცხოვრება მაქვს – მყავს ბევრი მეგობარი, მყავს კარგი ოჯახი, ბევრი ძმაკაცი, რომლებიც ჩემს თავს არავის აჩაგვრინებენ და ა.შ. მე კი მაინც უკმაყოფილებას ვგრძნობ. მინდა მეტი მქონდეს, ვიდრე მაქ.
ხანდახან კი მსურს ამ ყველაფერს გავექცე და რუსთაველზე მიგდებული ბომჟი ვიყო. ასე მჭირს გაორებასავით. ხან ვარდისფერის მოყვარული საყვარელი გოგონა ვარ, ხან კი ვარ ადამიანი, რომელიც ყველას დასცინის. ასეთიც ვარ და ისეთიც. ხან კი ვარ ის, რასაც სიტუაცია მოითხოვს. მგონია, რომ საკუთრ თავს ვკარგავ. ვერ გამიგია?

ანა, სათაურიანი შეკითხვა აქამდე არ მომსვლია :)
საინტერესო პიროვნება ჩანხარ.
ვფიქრობ, რომ ძიების პროცესში ხარ, რაც ამ ასაკისთვის დამახასიათებელია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს შენი ხასიათის შტრიხიცაა, ეტყობა ბუნებით მაძიებელი ხარ. ეს კარგია. შენ მოქმედებ, რაც განვითარებას მოგიტანს, თუმცა ასეთი პროცესები უმტკივნეულოდ არ მიმდინარეობენ. მეტი წინააღმდეგობა იმას ხვდება, ვინც მოძრაობაშია. კარგია პროტესტისა და განსხვავებული აზრის გამოხატვა რომ გჩვევია. შენს ასაკში ასეთი მუხტი უნდა არსებობდეს. მერე რა, რომ ეს ბევრს არ მოსწონს და აღიზიანებს. სანაცვლოდ სიცარიელე, მოწყენილობა, რაც უმოქმედობას მოაქვს, არასდროს დაგემუქრება.
განწყობის ცვალებადობა, რასაც გაორებას ეძახი, ნუ, შენი სიტყვებით რომ ვთქვათ ,,ასეთიც, რომ ხარ და ისეთიც” (მომეწონა ეს გამოთქმა :) )დამახასიათებელია შენი ტიპის ადამიანებისთვის. აბა შინაგანი წინააღმდეგობები რომ არ გქონდეს და სრული წესრიგი იყოს შენში, აღარც იფიქრებდი ამდენს და ასეთი ბრძოლის ჟინიც არ გექნებოდა.
სიტუაციაზე მეტისმეტი დამოკიდებულება კი, ხასიათის ნიშანთან ერთდ, ასაკის ბრალიცაა. ჯერ, 14 წლის ხარ და ვერ გექნება საკუთარი თვი ნაპოვნი, როგორც ამბობენ ხოლმე,
უბრალოდ ერთ გზას გიჩვენებ – მეტი იკითხე, ისწავლე, ალბათ მიხვდები როგორ სწავლას ვგულისხმობ, ისეთს, რომელიც გცვლის, გავსებს ადამინს. მოკლედ, დააგროვე ბევრი ამ მხრივ, რაც აუცილებლად გაგაძლიერებს. ამ გზას თუ გაყვები,  მრავალ კითხვაზე იპოვი პასუხს და უფრო დამშვიდდები. ეს შენი უკმაყოფილება კი თანდათანობით კმაყოფილებაში გადაიზრდება(იქნება და მერე კმაყოფილებაზე მოგინდეს წერა :) ).  ადამიანებშიც მეტ დადებითსა და საინტერესოს აღმოაჩენ და ურთიერთობებიც უფრო დალაგდება.

PostHeaderIcon 17 წლის ზუკა

გამარჯობათ! მახასიათებს ასეთი რამ – დიდ ყურადღებას ვაქცევ წვრილმანებს და უმნიშვნელო რამეებზე  ბევრს ვნერვიულობ. როგორ დავაღწიო ამას თავი?

კარგია 17 წლის ასაკში, რომ უკვე გაგიჩნდა აზრი და სურვილი ნაკლები ყურადღება მიაქციო წვრილმანებს და უმნიშვნელო რამეებს.  საერთოდ ადამიანები ცოტა გვიან ხვდებიან ამას, როცა უკვე დიდი დრო და ენერგია აქვთ დახარჯული  და გული წყდებათ ხოლმე(თუმცა მათი მისამართით მინდა ვთქვა, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს :) ).

წვრილმანები უნდა გაითვალისწინო, რადგან უბრალოდ ყოფას  მოქავს ეს ყველაფერი, მაგრამ პარალელურად უნდა სცადო და მოახერხო სამყაროს, ცხოვრების მთლიანობაში აღქმა და არ დარჩე ფრაგმენტული, ვიწრო  აღქმის დონეზე. ანუ, იფიქრო ხოლმე უფრო ზოგადად და არ მიეჯაჭვო ვინმეს, ან რამეს. შენი კონკრეტული შემთხვევა განაზოგადე ხოლმე, მაგალითად, ვინმე თუ  მოგექცა არასათანადოდ, შეგიძლია იფიქრო, რომ ასეთი რამ ყველას შეიძლება შეემთხვას, რომ ურთიერთობები არ არის მარტივი, რომ შენს ცხოვრებაში ბევრი სხვა რამეც ხდება ამ კონკრეტული შემთხვევის გარდა და ა.შ. ასეთი ხედვა შეცვლის შენს დამოკიდებულებას უმნიშვნელო მოვლენებისადმი და წვრილმანებიც ნაკლებად შეგაწუხებენ.

PostHeaderIcon ლალის შეკითხვა

გამარჯობათ. მყავს 10 წლის ვაჟი. ბავშვი ძალიან მგრძნობიარეა. მამა, ჩემი მეუღლე, ძალინ მკაცრად ექცევა. სანდროს ეშინია მისი. ამდენი წელია ვერაფერი გავაწყვე. ჩემი ქმარი მეუბნება, რომ ბავშვი მე და ჩემიანებს გვგავს და რომ ეს არ მოსწონს. იგი ხშირად ამბობს, რომ შვილი მტრად უნდა გაზარდო, რომ მოყვარედ გამოგადგეს. დაყავს ფეხბურთზე უკვე მეორე წელია, სანდროს არ მოსწონს ფეხბურთი, შიშით არაფერს ამბობს, მაგრამ მე ვგრძნობ, თან მალე იღლება, იქიდან ენერგიისგან აბსოლუტურად დაცლილი მოდის და არაფრის თვი არ აქვს ხოლმე. ბავშვს კარგი სმენა აქვს, მაგრამ მამამისს გაგონებაც არ უნდა. რა შედეგს გამოიღებს ასეთი დამოკიდებულება?

ასეთი დონის ავტორიტარიზმს,  როცა შვილს  მხოლოდ ის ფუნქცია აქვს, მამას ასიამოვნოს, ყველგან და ყველაფერში ,,დამჯერე”  იყოს, აუცილებლად მოყვება  ბავშვის ნების, ინდივიდუალობისა და  დამოუკიდებლობის დათრგუნვა და რაც მთავარია, მამის იმედის გაწბილების შიშით,  დანაშულის გრძნობის გაღვივება.  როცა  მამა მესაკუთრული განწყობის მატარებელია და მისგან განსხვავებულ ვაჟს მიიჩნევს არასრულფასოვნად, ბავშვიც შესაბამისად არასრულფასოვნად, უღირსად მიიჩნევს ხოლმე თავს. ზოგ შემთხვევაში შვილები ასეთ დროს ცდილობენ იყვნენ  ისეთნი, როგორიც ,,საჭიროა”  და ამით  თავად აფერხებენ საკუთარ განვითარებას, ვერ ხდებიან სრულფასოვანი ადამიანები. იშვიათად შვილები ბრძოლაში ებმევიან ,,ავტორიტეტ მამასთან”,  რომ მოიპოვონ თავისთავადობა, მაგრამ ასეთი ბრძოლები ბევრისთვის წარუმატებელია და ცოტანი იმარჯვებენ.

როგორმე თქვენმა მეუღლემ  უნდა გაითავისოს, რომ შვილი  არ არის  მისი მეს ნაწილი, რომ იგი დამოუკიდებელი პიროვნებაა და აქვს უფლება იყოს ისეთი როგორიც არის  და კარგი მამობა,  უპირველეს ყოვლისა,  მისი ასეთად მიღებასა და განვითარებაში დახმარებას  ნიშნავს.

PostHeaderIcon 13 წლის ნანა

რა არის ჩემი მომავალი?

ნანა, ჩვენ  არ ვიცით მომავლის შესახებ,  მაგრამ შეგვიძლია  ზრუნვა მასზე, რომ კარგი იყოს.  ზოგდად ადამიანების ცხოვრებას  თუ დააკვირდები ასეთი მიდგომა ამართლებს – ვინც ცდილობს კარგი მომავლი ჰქონდეს,  მეტწილად აქვს კიდევაც. ამდენად  თუ როგორი იქნება, რა იქნება  შენი მომავალი,  გარკვეულწილად შენზეა დამოკიდებული.

PostHeaderIcon 14 წლის ნინიკო

როგორ ხასიათზე უნდა იყო უმეტესად?

რა თქმა უნდა, ჯობია, უმეტესად კარგ ხასიათზე იყო, რაც დადებითზე ფიქრით, მიზნების ქონით, საინტერესო რამის  კეთებით, სიყვარულის განცდით  მიიღწევა; მაგრამ სულ კარგ ხასიათზე ვერ იქნები, ელემენტარუად ცხოვრება არ მოგცემს ამის საშუალებას.  ზოგჯერ ცუდ ხასიათზე ყოფნაც შეიძლება სასარგებლოც იყოს. ასეთ დროს ადამიანი მეტს ფიქრობს, ცდილობს შეცვალოს რამე, გამოსავალს ეძებს და ამგვარად  ვითარდება.

PostHeaderIcon მაკუნას შეკითხვა

მყავს ნათლული გოგონა, რომლის მშობლებიც ერთმანეთს დაშორდნენ უკვე სამი წელია. გოგონა 11 წლისაა. მისი დედა ძალიან ემოციური და მკაცრია შვილის მიმართ. ბავშვი დადის რუსულენოვან სკოლაში (აღვნიშნავ, რომ დედაც და მამაც ქართველია- თუმცა დედის ახირებაა ესეც). დადის ინგლისურზე, ცეკვაზე, ვიოლინოზე, ასევე კერძო მასწავლებელთან მათემატიკაზე. გოგონას აკადემიური მოსწრება კარგია, თუმცა დედას უნდა, რომ ბავშვი ყველაზე წინ იყოს ყველაფერში. ამის ნიადაგზე დედასა და შვილს შორის ძალინ დაძაბული ურთიერთობაა. დედა სულ ეჩხუბება ბავშვს, შვილს კი უკვე გაუჩნდა სურვილი-გამოხატოს პროტესტის გრძნობა-ტირის, კარებს აჯახუნებს, წიგნებს მაგიდაზე ახეთქებს, დედის გასაბრაზებლად ისე ჯდება მაგიდასთან, რომ რაც შეიძლება მოიგრიხოს და ა.შ. დედა უკვე ვეღარ ერევა შვილს და ისევ ჩხუბობს, ჩხუბობს და ჩხუბობს. ბავშვი დაიღალა. აღარც სწავლა უნდა და ასე მგონია, დედაც აღარ უყვარს უკვე. ასეც კი თქვა ერთხელ-თავი ხომ არ მოვიკლაო!!! იქნებ მომცეთ რაიმე რჩევა, რომ სულ ოდნავ მაინც დარეგულირდეს ეს სიტუაცია დედა-შვილს შორის. (ბავშვის მამასა და დედას, სანამ ერთად ცხოვრობდნენ საშინელი აურზაური ჰქონდათ ოჯახში. დღეს მამა მაინცდამაინც არ ერევა შვილის აღზრდაში, მიუხედავად ამისა გოგონას მამა ძალიან უყვარს-ის მხოლოდ ეფერება და ალბათ იმიტომ). წინასწარ დიდი მადლობა.

დედამ აუცილებლად უნდა შეცვალოს თავის დამოკიდებულება შვილისადმი! ჩხუბი, საყვედურები, დაძალება სასურველ შედეგს არასდროს არ გამოიღებს. პირიქით, ხელს შეუწყობს მშობლის და ბავშვის დაცილებას ერთმანეთისაგან და გაუცხოვებას. დედა უნდა გახდეს თავის 11 წლის ქალიშვილის ნამდვილი მეგობარი. ის უნდა იზიარებდეს თავის შვილის ყველა პრობლემას: სცადეთ ერთად მეცადინეობა, ერთი წიგნის წაკითხვა, პრობლემების წყნარი განხილვა.

იმ შემთხვევაში, თუ დედა ვერ შეცვლის თავის დამოკიდებულებას, მაშინ იგივეს მიიღებს შვილისაგანაც. გოგონასთვის (ამ ასაკში) დედა არის ქცევის მაგალითი. მოჩხუბარ დედასთან წყნარი, გაწონასწორებული და ფსიქოლოგიურად მდგრადი ბავშვი, სამწუხაროდ, ვერ გაიზრდება. მით უმეტეს, რომ წყნარი საუბრით და მშობლებთან მეგობრული ურთიერთობით ბევრად უფრო სწრაფად განვითარდება!

ალბათ დედას თავისი ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა დედამ თავის პრობლემებზე წინ ბავშვის ინტერესები უნდა დააყენოს.

იმედი მაქვს, ყველაფერი მოგვარდება!

PostHeaderIcon მეგის 2 შეკითხვა

კარგია ფსიქოლოგია? მე ძალიან მიყვარს ფსიქოლოგის კითხვები.

ფსიქოლოგია კარგია და ბევრ ადამიანს ეხმარება. მართალია, ხშირად საჭიროა უშუალო კონტაქტი, საუბარი ფსიქოლოგთან, მაგრამ ჩვენი საიტის საშუალებითაც შევეცდებით დავეხმაროთ ყველას.

რამდენი ხანი შეიძლება ვიყოო კომპიუტერთან?

გააჩნია, რას აკეთებ კომპიუტერზე? თუ მას იყენებ მუშაობისათვის (მაგალითად წერ სტატიას, კითხულობ საინტერესო წიგნს, ან უყურებ საინტერესო ფილმს), მაშინ შეიძლება 2-3 საათიც კი გაატარო კომპიუტერთან, ოღონდ დააკვირდი, ეკრანი ხომ არ გტკენს თვალებს?

თუ კომპიუტერზე თამაშობ, მაშინ ამდენ ხანს ჯობია არ იჯდე. განსაკუთრებით არ უნდა ითამაშო ის თამაშები, სადაც ვინმეს კლავ, რამეს ამტვრევ, ან რაღაცას ანადგურებ.

ასევე ნუ დახარჯავ დიდ დროს “ჩეთში”. უკეთესი იქნება, თუ შეხვდები მეგობრებს და ისე გექნება მათთან ურთიერთობა. ახლო ურთიერთობები ბევრად უკეთესია, ვიდრე ვირტუალური…

Top Footer