PostHeaderIcon მაკუნას შეკითხვა

მყავს ნათლული გოგონა, რომლის მშობლებიც ერთმანეთს დაშორდნენ უკვე სამი წელია. გოგონა 11 წლისაა. მისი დედა ძალიან ემოციური და მკაცრია შვილის მიმართ. ბავშვი დადის რუსულენოვან სკოლაში (აღვნიშნავ, რომ დედაც და მამაც ქართველია- თუმცა დედის ახირებაა ესეც). დადის ინგლისურზე, ცეკვაზე, ვიოლინოზე, ასევე კერძო მასწავლებელთან მათემატიკაზე. გოგონას აკადემიური მოსწრება კარგია, თუმცა დედას უნდა, რომ ბავშვი ყველაზე წინ იყოს ყველაფერში. ამის ნიადაგზე დედასა და შვილს შორის ძალინ დაძაბული ურთიერთობაა. დედა სულ ეჩხუბება ბავშვს, შვილს კი უკვე გაუჩნდა სურვილი-გამოხატოს პროტესტის გრძნობა-ტირის, კარებს აჯახუნებს, წიგნებს მაგიდაზე ახეთქებს, დედის გასაბრაზებლად ისე ჯდება მაგიდასთან, რომ რაც შეიძლება მოიგრიხოს და ა.შ. დედა უკვე ვეღარ ერევა შვილს და ისევ ჩხუბობს, ჩხუბობს და ჩხუბობს. ბავშვი დაიღალა. აღარც სწავლა უნდა და ასე მგონია, დედაც აღარ უყვარს უკვე. ასეც კი თქვა ერთხელ-თავი ხომ არ მოვიკლაო!!! იქნებ მომცეთ რაიმე რჩევა, რომ სულ ოდნავ მაინც დარეგულირდეს ეს სიტუაცია დედა-შვილს შორის. (ბავშვის მამასა და დედას, სანამ ერთად ცხოვრობდნენ საშინელი აურზაური ჰქონდათ ოჯახში. დღეს მამა მაინცდამაინც არ ერევა შვილის აღზრდაში, მიუხედავად ამისა გოგონას მამა ძალიან უყვარს-ის მხოლოდ ეფერება და ალბათ იმიტომ). წინასწარ დიდი მადლობა.

დედამ აუცილებლად უნდა შეცვალოს თავის დამოკიდებულება შვილისადმი! ჩხუბი, საყვედურები, დაძალება სასურველ შედეგს არასდროს არ გამოიღებს. პირიქით, ხელს შეუწყობს მშობლის და ბავშვის დაცილებას ერთმანეთისაგან და გაუცხოვებას. დედა უნდა გახდეს თავის 11 წლის ქალიშვილის ნამდვილი მეგობარი. ის უნდა იზიარებდეს თავის შვილის ყველა პრობლემას: სცადეთ ერთად მეცადინეობა, ერთი წიგნის წაკითხვა, პრობლემების წყნარი განხილვა.

იმ შემთხვევაში, თუ დედა ვერ შეცვლის თავის დამოკიდებულებას, მაშინ იგივეს მიიღებს შვილისაგანაც. გოგონასთვის (ამ ასაკში) დედა არის ქცევის მაგალითი. მოჩხუბარ დედასთან წყნარი, გაწონასწორებული და ფსიქოლოგიურად მდგრადი ბავშვი, სამწუხაროდ, ვერ გაიზრდება. მით უმეტეს, რომ წყნარი საუბრით და მშობლებთან მეგობრული ურთიერთობით ბევრად უფრო სწრაფად განვითარდება!

ალბათ დედას თავისი ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა დედამ თავის პრობლემებზე წინ ბავშვის ინტერესები უნდა დააყენოს.

იმედი მაქვს, ყველაფერი მოგვარდება!


Top Footer