მშობელი - Basti Bubu

მშობელი

PostHeaderIcon ალექსანდრას შეკითხვა

მშობიარობის შემდეგ გადაღლილობა და სტრესი როგორ უნდა დავძლიო დატვირთული რეჟიმის პირობებში. გმადლობთ.

აუცილებლად გამონახეთ დრო სუფთა ჰაერზე სასეირნოდ. რაც შეიძლება დიდ ხანს იყავით მზეზე.
გონივრულად გაანაწილეთ საქმე. დღის განრიგი ზუსტად გათვალეთ წინასწარ, ანუ იფიქრეთ იმაზე, რაც შეიძლება ნაკლები ენერგიის დანახარჯით მეტი გააკეთოთ. მესმის,  რთულია, როცა ბავშვი გყავთ, მაგრამ შეეცადეთ, არ მისცეთ თავს უფლება მეტისმეტად გადაიღალოთ – ხშირ-ხშირი და ხანმოკლე  შესვენებების პრინციპით იმოქმედეთ. თან  შეისვენეთ იქამდე, სანამ დაიღლებოდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორმე დაიტოვოთ დრო, თუნდაც მცირე, თქვენთვის სასიამოვნო საქმისთვის თუ სიტუაციისთვის. ამის გამო ნუ იგრძნობთ თვს დამნაშავედ, ნუ იფიქრებთ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვით, ბავშვს რამეს მოაკლებთ, პირიქით, დამშვიდებული და ხალისიანი დედა მას უფრო სჭირდება, ვიდრე გადაღლილი და გაღიზიანებული.

PostHeaderIcon სალომეს შეკითხვა

გამარჯობათ. მყავს 2 წლისა და 8 თვის ბავშვი. არის ძალინ ჯიუტი. ვესაუბრები, როგორც დიდს, ზოგჯერ ვსჯი, მაგრამ არაფერი ესმის და რას მირჩევდით?

შეგიძლიათ წაიკითხოთ მსგავს კითხვებზე პასუხები კატეგორია ,,სიჯიუტეში”, ,,ჭირვეულ ბავშშვში”, ,,დასჯაში”.

ერთს მაინც გეტყვით – ბავშვს რომ ესმოდეს თქვენი, ჯერ თქვენ უნდა გესმოდეთ მისი. ,,შეძვერით მის ტყავში’’, როგორც იტყვიან ხოლმე და დამიჯერეთ, თქვენვე გაიგებთ მისი სიჯიუტის მიზეზებს.

PostHeaderIcon ლიკას შეკითხვა

რატომ ვცემ შვილს, როცა არ მინდა?

ლიკა, მესმის თქვენი და დარწმუნებული ვარ, რომ არ გინდათ.

თქვენ მთავარი ეტაპი გადალახული გაქვთ –  კერძოდ,  სიმართლეს რომ გაუსწორეთ თვალი და რომ  დასვით ეს შეკითხვა.  უკვე ისღა დაგრჩენიათ,  რაც შეიძლება  დროულად  მოაგვაროთ თქვენი შინაგანი პრობლემები.  აუცილებალდ მიდით ფსიქოლოგთან.

PostHeaderIcon ქეთის შეკითხვა

მყავს 12 წლის შვილი. ძალიან დამეძაბა მასთან ურთიერთობა, აღარაფეს მიჯერებს.

12 წლის ასაკში ბავშვი იწყებს გადასვლას მოზარდობის ხანაში, ანუ ერთი ეტაპიდან მეორეში და ასეთი პროცესები უმტკივნეულოდ იშვიათად მიმდინარეობენ. მთავარია ჯიბრში არ ჩაუდგეთ თქვენს შვილს, მიეცით მეტი თავისუფლება. გააკონტროლეთ, მაგრამ ისე, რომ მეტისმეტად არ შეწუხდეს. ამ პერიოდში ბავშვები სახლს გარეთ ცდილობენ დამკვიდრებას. დაეხმარეთ ამ პროცესში, ურჩიეთ რამე, ამით მეგობრის როლს მოირგებთ და თქვენთან ურთიერთობას სხვა კუთხითაც შეხედავს. კარგად გაერკვიეთ მის ინტერესებში და გაითვალისწინეთ ყოველივე  ურთიერთობაში, რაც მასთან მისასვლელ სწორ გზას გიჩვენებთ. რაც შეიძლება ნაკლები შენიშვნები მიეცით, მხოლოდ აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აუცილებელიც არ იქნება მისგან გათვალისწინებული.

PostHeaderIcon ნინოს შეკითხვა

მოგესალმებით! მყავს 5 წლის გოგონა და 1,5 წლის ვაჟი. გოგონა დღემდე ჩემთან და ჩემს მეუღლესთან წევს შუაში. მთელი ღამე მოკრობილია ჩემზე. ჩემს გარეშე არ იძინებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები ძალიან უყვარს და მთელი დღე უპრობლემოდ რჩება მათთან. იშვიათად აქვს ცუდუი სიზმრები და შეშინებული იღვიძებს ტირილით. მაინტერესებს თქვენი აზრი, როგორ მოვიქცე(ოჯახში ძალიან მშვიდი და სიყვარულით სავსე გარემო გვაქვს).

დასადგენია ბავშვის თქვენთან წოლის, შიშით გაღვიძებისა და ტირილის მიზეზები, რაც ასე დისტანციიდან შეუძლებელია, როცა ეს გაირკვევა, უკვე მხოლოდ ჩვევასთან დაგჭირდებათ ბრძოლა, რაც, პატარა ძმის არსებობის ფონზე ცოტათი გაგიჭირდებათ, რადგან ალბათ ძმაზე ეჭვიანობს( ჯობდა ამაზე ძმის დაბადებამდე გეზრუნათ), მაგრამ შეუძლებლი აქ ალბათ არაფერია, თუ სწორად და მოთმინებით მიუდგებით პრობლემას და არ იჩქარებთ.
ჩვევის შესაცვლელად კი გირჩევთ ასე მოვიქცეთ –
თქვენს საწოლში წოლისას ბავშვს არ მოეფეროთ, არ გამოხატოთ სითბო და უფრო მეტი, არ იურთიერთოთ მასთან თქვენი ინიციატივით, არც ვერბალურად, არც შეხებით, არც მზერით(რა თქმა უნდა,  არ ვგულისხმობ, საერთოდ ხმა არ გასცეთ. უბრალოდ ინიციატივა არ გამოიჩინოთ).
შეიძინეთ რამე რბილი სათამაშო, რომელიც ძალიან მოეწონება. შეეცადეთ, ეს სათამაშო დააწვინოთ თქვენთან და მას შეეჩვიოს. კარგი იქნება,  თუ მოუყვებით ზღაპარს გოგოზე, რომელსაც უნდოდა საკუთარი საწოლი ჰქონოდა და ა.შ. თუ შეძლებთ და ბავშვს ამ ზღპრის გავლენის ქვეშ მოაქცევთ, შემდეგ გადადით რეალურ ქმედებაზე და მას საწოლი მოუწყვეთ ძალიან ლამაზად, ჩართეთ ამ პროცესში და ასე ნაბიჯ–ნაბიჯ, ყოველგვარი დაძალების გარეშე იმოქმედეთ. თუ ჩაწვება საწოლში დააჯილდოვეთ თქვენი სითბოთი და კონტაქტით, მოუყევით სხვადასხვა ზღაპრები, ჩაურთეთ მშვიდი მუსიკა…
ასევე გაითვალისწინეთ, რომ ამ რჩევის ზედმიწევნით, მაგრამ ავტომატურად შესრულება არაფერს მოგცემთ. ჩართეთ დედის ინტუიცია და თქვენი შეხედულებისამებრ გადააკეთ– გადმოაკეთეთ ჩემს მიერ შემოთვაზებული სქემა.

PostHeaderIcon ლამარას შეკითხვა

ჩემი შვილი არ მიყვარს.

ძალიან სამწუხაროა.  ასეთ დროს რამოდენიმე ეტაპია გასავლელი.  პირველი –  აღიარება ანუ მტკივნეული რეალობისთვის, სიმართლისთვის თვალის გასწორებაა, რაც  ძალიან რთულია. საბედნიეროდ  თქვენ ეს გადალახული გქვთ, რაც კარგია.  შემდეგ  მიზეზები უნდა მოიძებნოს. აქ უკვე საჭიროა პროფესიონალის დახმარება, ანუ ფსიქოთერაპევტის.

PostHeaderIcon ლალის შეკითხვა

გამარჯობათ. მყავს 10 წლის ვაჟი. ბავშვი ძალიან მგრძნობიარეა. მამა, ჩემი მეუღლე, ძალინ მკაცრად ექცევა. სანდროს ეშინია მისი. ამდენი წელია ვერაფერი გავაწყვე. ჩემი ქმარი მეუბნება, რომ ბავშვი მე და ჩემიანებს გვგავს და რომ ეს არ მოსწონს. იგი ხშირად ამბობს, რომ შვილი მტრად უნდა გაზარდო, რომ მოყვარედ გამოგადგეს. დაყავს ფეხბურთზე უკვე მეორე წელია, სანდროს არ მოსწონს ფეხბურთი, შიშით არაფერს ამბობს, მაგრამ მე ვგრძნობ, თან მალე იღლება, იქიდან ენერგიისგან აბსოლუტურად დაცლილი მოდის და არაფრის თვი არ აქვს ხოლმე. ბავშვს კარგი სმენა აქვს, მაგრამ მამამისს გაგონებაც არ უნდა. რა შედეგს გამოიღებს ასეთი დამოკიდებულება?

ასეთი დონის ავტორიტარიზმს,  როცა შვილს  მხოლოდ ის ფუნქცია აქვს, მამას ასიამოვნოს, ყველგან და ყველაფერში ,,დამჯერე”  იყოს, აუცილებლად მოყვება  ბავშვის ნების, ინდივიდუალობისა და  დამოუკიდებლობის დათრგუნვა და რაც მთავარია, მამის იმედის გაწბილების შიშით,  დანაშულის გრძნობის გაღვივება.  როცა  მამა მესაკუთრული განწყობის მატარებელია და მისგან განსხვავებულ ვაჟს მიიჩნევს არასრულფასოვნად, ბავშვიც შესაბამისად არასრულფასოვნად, უღირსად მიიჩნევს ხოლმე თავს. ზოგ შემთხვევაში შვილები ასეთ დროს ცდილობენ იყვნენ  ისეთნი, როგორიც ,,საჭიროა”  და ამით  თავად აფერხებენ საკუთარ განვითარებას, ვერ ხდებიან სრულფასოვანი ადამიანები. იშვიათად შვილები ბრძოლაში ებმევიან ,,ავტორიტეტ მამასთან”,  რომ მოიპოვონ თავისთავადობა, მაგრამ ასეთი ბრძოლები ბევრისთვის წარუმატებელია და ცოტანი იმარჯვებენ.

როგორმე თქვენმა მეუღლემ  უნდა გაითავისოს, რომ შვილი  არ არის  მისი მეს ნაწილი, რომ იგი დამოუკიდებელი პიროვნებაა და აქვს უფლება იყოს ისეთი როგორიც არის  და კარგი მამობა,  უპირველეს ყოვლისა,  მისი ასეთად მიღებასა და განვითარებაში დახმარებას  ნიშნავს.

გვერდი: 1 -- 312»...ბოლო »Top Footer